Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას

 

სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები, იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 7 მარტს, ხოლო სასემინარო მეცადინეობები - 14 მარტს.

 

სალექციო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2 მარტის 17:00 საათიდან. 


სწავლების ფორმატი
გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტი გამოხატავდა მზაობას 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასაწყისიდანვე სასწავლო პროცესის ნაწილობრივ სააუდიტორიო სწავლების ფორმატში (ე.წ. ჰიბრიდული ფორმატი) დაწყების შესახებ. ნაწილობრივ სააუდიტორიო სწავლების ფორმატის დაგეგმვის შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, დარჩეს სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე ან თავისი ინტერესის შესაბამისად, დაგეგმოს რამდენიმე კურსი ან სემინარი სააუდიტორიო სწავლების ფორმატით. 

 

ამ ეტაპზე იურიდიულ ფაკულტეტზე სალექციო დისციპლინები (გარდა მცირე ჯგუფებისა, დაზუსტებული ინფორმაცია იხ. ცხრილში) ჩატარდება  დისტანციურ ფორმატში.

 

ამასთან, 2 მარტს სალექციო ნაკადებზე რეგისტრაციისას, იურიდიული ფაკულტეტი ჩაატარებს წინასწარ რეგისტრაციას სასემინარო ჯგუფებში სააუდიტორიო და დისტანციურ ფორმატში მეცადინეობის მსურველ სტუდენტთა იდენტიფიცირებისათვის. წინასწარი რეგისტრაციის შედეგებიდან გამომდინარე, ფაკულტეტი შესთავაზებს სტუდენტებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებს სააუდიტორიო და დისტანციური ფორმატით. სასემინარო მეცადინეობის ცხრილი გამოქვეყნდება 9 მარტს 17 საათზე, ხოლო რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 11 მარტს 17 საათზე. 

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით უნივერსიტეტმა ვერ უზრუნველყო იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზაციულად შეუფერხებელი გადასვლა მეორე აკადემიურ კორპუსში გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაციების დაწყებამდე. იურიდიულმა ფაკულტეტმა მიმართა ადმინისტრაციას და მოსთხოვა არსებული პრობლემების დაუყოვნებლივ აღმოფხვრა (აუდიტორიების მოწესრიგება, მათი დასუფთავება, აღჭურვა დაფებითა და პროექტორებით, დერეფნებიდან ძველი ავეჯის გატანა, სამშენებლო და სასწავლო ზონების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, აუდიტორიების დროებითი გადანომვრა, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მიმართულების, სტუდენტთა მომსახურებისა და ადმინისტრაციის საოფისე ავეჯის შეტანა და დამონტაჟება და სხვა მსგავსი) და იმედი გვაქვს, რომ  ეს საკითხები მოწესრიგდება და ფაკულტეტს ექნება შესაძლებლობა 7 მარტიდან სასწავლო პროცესი შერეული ფორმატით დაიწყოს შეფერხებების გარეშე.

 


აკადემიური რეგისტრაციების პროცესი

 

სალექციო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2 მარტის 17:00 საათიდან. სალექციო ნაკადები ბაზაში გაიხსნება ერთდროულად, ამასთან, სტუდენტების მოთხოვნისა და არსებული რესურსების გათვალისწინებით, საგნებზე ადგილები დაემატება 3 მარტს, 15:00 საათზე (ანბანური თანმიმდევრობით).
სალექციო ნაკადებზე რეგისტრაციისას, იურიდიული ფაკულტეტი ჩაატარებს წინასწარ რეგისტრაციას სასემინარო ჯგუფებში სააუდიტორიო და დისტანციურ ფორმატში მეცადინეობის მსურველ სტუდენტთა იდენტიფიცირებისათვის. სალექციო ნაკადის არჩევისას, სტუდენტს გამოუჩნდება სააუდიტორიო ან დისტანციური სამუშაო ჯგუფის ფანჯარა და გთხოვთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მეცადინეობის ტიპი.

 

წინასწარი რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება სამუშაო ჯგუფების შესაბამისი რაოდენობა. სასემინარო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 9 მარტს, 17:00 საათზე, ხოლო 11 მარტის 17:00 საათიდან სტუდენტები შეძლებენ სამუშაო ჯგუფების არჩევას. 

 

სემინარების არჩევისას ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას, შესაძლოა, დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგანს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.

 

ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ ენათა ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ რუსუდან დოლიძეს (საკონტაქტო ტელ.: 599538474).

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, სალექციო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებგვერდზე განთავსდება 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ხოლო აკადემიური რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 4 მარტის 17:00 საათიდან.  სასწავლო პროცესი - სალექციო მეცადინეობები დაიწყება 7 მარტს. სამაგისტრო საფეხურზე სწავლა დაიწყება დისტანციური ფორმატით.

 

საგნის გაუმჯობესება

 

საგნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განცხადებები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 4 და 5 მარტს Lms.tsu.ge-ს ბაზის მეშვეობით, გთხოვთ, ბაზაში დატოვოთ გასაუმჯობესებელი საგნის შესაბამისი კრედიტი და საგანი ჩაგიჯდებათ ავტომატურად.

 

სასწავლო განრიგი
მიაქციეთ ყურადღება, ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებს ან სემინარებს. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული, მობილობით გადმოსული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ის გარემოებაც, რომ მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული დისციპლინათა სიმრავლის გამო დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია. არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, რომელიც პროგრამის ფარგლებში მრავლადაა წარმოდგენილი.

 

ფაკულტეტი იმედოვნებს, რომ სტუდენტები შეძლებენ, სწორად დაგეგმონ თავიანთი სალექციო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით). თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია, სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, „აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი და შესაძლო გზები. ყველა განცხადება განიხილება 15 მარტის ჩათვლით, რა დროსაც, შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა. 

 

იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!